თქვენს წინაშეა, უკანასკნელი წლების ყველაზე პოპულარული გამონათებები იუმორის სფეროში:
"რა იყო ბალიში აგიფეთქდა?” – ყალყზე მდგარი და ეგზომ აბურდული თმის პატრონის მიმართ დედუქციური ნიჭის გამომჟღავნების სურვილი;
"რატომ თავი არ დაგრჩა?” – შეკითხვა, რომელსაც ერთადერთი გამართლება მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუკი მას უთავო მხედრის მისამართის გამოიყენებდნენ;
"შენ თვალში ხომ არ გეპატარავები?” – ფრაზა, როდესაც ადამიანს საკუთარ ზომებში ეჭვი ეპარება და მოწინააღმდეგისაგან მისი ვარაუდის დადასტურებას, ან, უარყოფას მოითხოვს;
"თვალში რაზვალი ხომ არ გაქვს?” – ფრაზა, რომლის მიხედვითაც თქვენი მხედველობა, სხვათა აზრით, ოკულისტის ჩარევას საჭიროებს;
"ისე შემეშინდა, გული ნასკებში გამეპარა” – ხუმრობა, რომელიც გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულ, სხეულში მიმდინარე უხილავ პროცესებს მეტაფორულად ასახავს.
"შენი ბიჭი აგერ მიზის” – ამ შემთხვევაში, ხუმრობის მთელი არსი გამოხატულია ხელების მოძრაობითა და ამ მოძრაობის ქვედა ეშელონებისაკენ მიმართვით;
"რას დამდგახარ, ბუასილი გჭირს?” – ფრაზა, რომელიც სკამისა და პიროვნების ურთიერთუნდობლის ერთ-ერთ მიზეზზე მიუთითებს; "აბა თქვი "რვა”… – ვიქნები რა თქვენი მახსოვრობის იმედად, ამ ორგანოზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ;
"ჯერ არ გვეძინება” (ფეხზე გახდისას) – უსიამოვნო მოლოდინი, რომელიც ფეხზე და მის ყნოსვით აღსაქმელ კომპონენტზე არსებული სტერეოტიპიდან გამომდინარეობს.
მინი – ფრაზები
ჩაგეთვალა-ა – სიტყვა, რომელიც ხუმრობის ოსკარად შეგვიძლია მივიჩნიოთ;
არც დაიგინო/დაიფიცო – დამოკიდებულია იმაზე, გარშემომყოფთაგან ნდობის უქონლობას მამრი უჩივის თუ მდედრი; კ აი, ღადაო-ობ? – სასოწარკვეთილი შეძახილი, სადაც მხოლოდ მცირე დოზით "გამოსჭვივის” იმედი;
ნუ ღადილაობ ერთი – ბედკრული "ღადაობის” კიდევ უფრო ბედკრული ვერსია;
სად შეგვიძლია ამდენი? – მიმართვა პირისადმი, რომელსაც მის მიერ ჩადენილი "საქმენი საგმირონი” დიდად ეამაყება;
შე ჩემა და ჩემის ჩემა – ტიპური ქართული მიმართვის ჰიპერბოლური ვარიანტი;
დებილი თავი გაბია – ბუმერანგული კონსტრუქცია, რომლის მიხედვითაც თქვენს თავს ყველაფერ იმად ქცევა შეუძლია, რასაც თქვენივე პირი წარმოთქვამს;
ამხელა, ფილარმონია კაცი – ფრაზა, რომლითაც ადამიანის გაბარიტები, ან, ღირსება, შენობის პარამეტრებით იზომება;